მოსამართლე ნინო ქადაგიძე - მოძღვარი მყავს და მის საქმეს არ განვიხილავდი
მოსამართლე ნინო ქადაგიძე - მოძღვარი მყავს და მის საქმეს არ განვიხილავდი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ საკუთარი მოძღვრის საქმეს არ განიხილავს და აიცილებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს წევრმა, ირმა გელაშვილმა შემდეგი კითხვა დაუსვა: „თქვენ ბრძანეთ, რომ ხართ მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაინტერესებს, თქვენი მოძღვრის ან სულიერი დის საქმე რომ დაგეწეროთ, იქნება თუ არა ეს აცილების საფუძველი“.

ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ სულიერი დები არ ჰყავს, თუმცა მოძღვარი ჰყავს და მის საქმეს არ განიხილავდა.

„რომ ვთქვა, სულიერი დები მყავს, ალბათ, მოგატყუებთ. მე ავიცილებ საქმეს, საფუძველი იქნება თუ არა არ ვიცი. მოძღვარი მყავს და მის საქმეს არ განვიხილავ“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კითხვაზე, გაითვალისწინებდა თუ არა მოძღვრის თხოვნას, რომ მაგალითად, დაეჩქარებინა ერთ-ერთი საქმის განხილვა, კანდიდატი ამბობს, რომ ცდილობს, წინ წამოწიოს საქმე, რომლის დაჩქარებას თხოვენ.

„პასუხი მარტივია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ითხოვს, რომ დავუჩქარო, ვცდილობ წინ წამოვწიო, რამდენად საჯაროდ უნდა ვამბობდე და კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ვაკეთებ“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთა გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრთა კითხვებს დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე პასუხობს, მეორე კანდიდატი კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილია.