მოსამართლე ხუან მერჩანის დადგენილებით, დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის საქმეზე პრეზიდენტის იმუნიტეტი არ ვრცელდება
მოსამართლე ხუან მერჩანის დადგენილებით, დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის საქმეზე პრეზიდენტის იმუნიტეტი არ ვრცელდება

ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლის, ხუან მერჩანის დადგენილებით, დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის საქმეზე პრეზიდენტის იმუნიტეტი არ ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატების შუამდგომლობა საბრალდებო განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მაისში დონალდ ტრამპი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში სტორმის დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის სისხლის სამართლის საქმეში. დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდას და ამ თანხის სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გაფორმებას ედავებიან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარად მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.

მოსამართლე ხუან მერჩანმა მიიჩნია, რომ ბიზნესდოკუმენტების გაყალბების პერსონალური ქმედებები არ ქმნის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებასა და ფუნქციაში ჩარევის საფრთხეს.

დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა სტივენ ჩუნგმა მოსამართლის გადაწყვეტილებას იმუნიტეტის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი დარღვევა უწოდა.

2024 წლის ივლისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ფედერალურ საქმეზე დაადგინა, რომ ექსპრეზიდენტებზე იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.

სტორმის დენიელსის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე სასამართლოს დონალდ ტრამპისთვის სასჯელი არ გამოუცხადებია. სასამართლომ განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.