მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულთა სასჯელი წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებასაც, რომ ამგვარი დანაშაულის იწვევს მკაცრ პასუხისმგებლობას
სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი არასრულწლოვნის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება. ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას.
„სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ ადამიანებზე, განსაკუთრებით მასწავლებელზე თავდასხმა, აღიქმება ჩვეულებრივ მოვლენად. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რაიმე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც, სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი არასრულწლოვნის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება, ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, გამოწვეული შედეგები, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით. ამავდროულად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის ნორმა“, – განაცხადა დემეტრე ჯინჯოლიამ.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს – ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად ცხრა წელი და ცხრა თვე განესაზღვრა. სასამართლომ ანი ნასყიდაშვილს შვიდი წელი მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მასაც სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.