მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი - მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატს ალბათ მისამართი აერია
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი - მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატს ალბათ მისამართი აერია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესში, თითქოს მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე სვამდა კითხვას. თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ​ვიდეო-აუდიო ​ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი. ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ, რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა, მე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი. ადვოკატს ალბათ მისამართი აერია. მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა პროცესზე მოხდა და აერია ბატონ ადვოკატს. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დააყენა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, რაც წინა პროცესზე გამოჩნდა. ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში.

დღეს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს. აღნიშნული მოწმის დაკითხვა უკვე მესამე პროცესია მიმდინარეობს. ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრადლებით წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა ედებათ ბრალად.