მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის საინფორმაციო ცენტრის დახურვას ითხოვს
მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის  საინფორმაციო ცენტრის დახურვას ითხოვს

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქციას მართავს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანია clean energy group georgia -ს  საინფორმაციო ცენტრის დახურვასა და საკონსულტაციო საბჭოების გაუქმებას ითხოვენ.

„რადგან თვითონ ვერ პასუხობენ ვერც ერთ შეკითხვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, ვითხოვთ საინფორმაციო ცენტრის გაუქმებას. ისინი ეწევიან ცალკეული ადამიანების მოსყიდვას  სხვადასხვა სოციალური დაპირებითა და თანხის შეთავაზებით. ამ ეტაპზე დახმარებას ვთხოვთ ხელისუფლებას, რათა განგვიმარტონ კომპანიის აქ ყოფნის მიზანი და დანიშნულება”,-განუცხადა 1-ელ არხს საზოგადოება „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” თანადამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა.

ტვიშის, დერჩის, მექვენას, ორხვის და ქორენიშის მოსახლეობა სოფელ ტვიშის ცენტრშია შეკრებილი. ისინი თავიანთ მოთხოვნებს ცაგერის მერს, ავთანდილ უგრეხელიძეს აცნობენ. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრებიან კომპანიის წარმომადგენლები, რამაც აქციის მონაწილეთა გულისწყრომა გამოიწვია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას იმ რისკის შესახებ, რასაც ჰესის მშენებლობა შეიცავს. ისინი გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტის წარდგენას გარემოს დაცვის სამინისტროს სთხოვენ.

შეგახსენებთ რომ ერთი კვირის წინ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ადგილობრივებმა აქციით გააპროტესტეს.