მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი აღიარა და პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა
მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი აღიარა და პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილებაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტთან საკუთარი ბიძის უსაფრთხოებისთვის იყო და არა აქციაში მონაწილეობისთვის.

„მოტივი მისი არ ყოფილა ხაზგასმული, რომ უშუალოდ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება ან პარლამენტში შეჭრა. მან ჩაიდინა დანაშაული იქედან გამომდინარე, რომ იმყოფებოდა პარლამენტის წინ ამ ჯგუფში. არის კიდევაც დაფიქსირებული კადრებში და შევთანხმდით, რომ რაც იყო ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მხარეები შევთანხმდით და მან დაუყოვნებლივ დატოვა დარბაზი. მისი მოტივი იყო ​საკუთარი ბიძისა და ნივთების უსაფრთხოება. ვიცით რომ ის კარავში ცხოვრობდა პარლამენტთან და ის ბუნებრივია იქნებოდა იქ. ჩვენ შევთანხმდით და მან არ დაიბრალა ის, რაც არ გაუკეთებია“, – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

„ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე სრულად აღიარა ბრალი. წინა სხდომაზე მან არასადაოდ გახადა მტკიცებულებები, დაეთანხმა მათ და მათში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მისი აღიარების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან მოინანია, მიჩნეულ იქნა მიზანშეწონილად, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ორი წლის თავისუფლების აღკვეთა პირობითი ვადით“, – განაცხადა პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა.

მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.