მორიგი ჩარტერული რეისით დღეს ათენიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება
მორიგი ჩარტერული რეისით დღეს ათენიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან.

უწყების ცნობით, ამ რეისით სამშობლოს დაუბრუნდება 180-მდე თანამემამულე მათ შორის არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. მგზავრები საქართველოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან საკარანტინო პერიოდს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

„19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 12,040 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი შესრულდება 22 მაისს რომიდან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.