მორიგი აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი უკმაყოფილოა, რომ ერთი თვეა, ციხეში სნიკერსი არ შეუტანიათ და მოხარშულ კვერცხს ცივ წყალში არ ავლებენ
მორიგი აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი უკმაყოფილოა, რომ ერთი თვეა, ციხეში სნიკერსი არ შეუტანიათ და მოხარშულ კვერცხს ცივ წყალში არ ავლებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება, რომ ციხეში მისდამი დამოკიდებულებით და პირობებით უკმაყოფილოა. სუბელიანი რამდენიმე კონკრეტულ მიზეზსაც ასახელებს.

მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში საუბრობს, რომ გლდანის დაწესებულებაში ყოფნა „მისნაირი ტიპისთვის“ არის ჯოჯოხეთი და მატროსოვზე შედარებით სიწყნარეა.

მისივე თქმით, „სიგარეტი გაუჩერეს პაჩკებით“.

სუბელიანი აუდიოჩანაწერში ასევე აცხადებს, რომ ​მასთან შესვლისას უწევთ დეპარტამენტის უფროსთან დარეკვა და წვალება იმის გასარკვევად, ნამცხვარი კრემიანია თუ არა.

მირზა სუბელიანი, აუდიოჩანაწერის თანახმად, ასევე უკმაყოფილოა, რომ მეცხრე თვეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაღაზია არ მუშაობს და ერთი თვეა, „სნიკერსი“ არ შეუტანიათ. მისივე თქმით, ციხეში 97 პროცენტი „ბალანდით“ იკვებება.

მირზა სუბელიანი ჩანაწერში ასევე ყვება, რომ „ამასწინად ბორში ჭამა და სამი დღე იჟოგა ჰქონდა და კვერცხს რომ ხარშავენ, ცივ წყალში არ ავლებენ”.

მირზა სუბელიანი ასევე აცხადებს, რომ „ბიჭები ვეღარ გამოდიან კონტაქტზე“.

სუბელიანი აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ “არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას”.