მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 მაისს განახლდება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 მაისს განახლდება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ პატრულ-ინსპექტორი მალხაზ გაბეხაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ლაშა დეისაძე.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ბრალდების მხარის მოწმეებს დღეს სასამართლოსთვის რაიმე ხელჩასაჭიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა, არ გაარკვია არათუ შემთხვევის დეტალები, არამედ არ დაუდგენია ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლების ვინაობა“,- განაცხადა ადვოკატმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 მაისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მომავალ პროცესზე სასამართლო კვლავ ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, აგრეთვე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.