მოქალაქეთათვის პირადი ფინანსების მართვის პრინციპების შესასწავლად ვიდეოთამაშის - „ფინანსური ფეხბურთის“ ქართული ვერსია შეიქმნა
მოქალაქეთათვის პირადი ფინანსების მართვის პრინციპების შესასწავლად ვიდეოთამაშის - „ფინანსური ფეხბურთის“ ქართული ვერსია შეიქმნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ  – Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში,  „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარადგინეს.

„ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულებზე. თამაშის მიზანი კი, მოქალაქეებისთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება.

„ფინანსური ფეხბურთის“ ფარგლებში მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. თამაშში სამი დონის სირთულის შეკითხვებია  – შეკითხვები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის.

ვიდეოთამაშის ფორმატიდან გამომდინარე, მასში შეიძლება ჩაერთოს ერთი მოთამაშე ან მოხდეს გუნდების დაპირისპირება.

როგორც პრეზენტაციაზე განმარტეს, თამაშის განმავლობაში მოთამაშეები შეისწავლიან დაზოგვის, პასუხისმგებლიანი ხარჯვის, ბიუჯეტირებისა და გონივრული სესხების ძირითად პრინციპებს.

ვიდეოთამაშს თან ერთვის სასწავლო მოდულები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რჩევები, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური განათლების აღნიშნული პროექტი საგაკვეთილო პროგრამის ნაწილი გახდეს. თითოეული მოდული შეიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც მოთამაშეთა ცოდნის შემოწმებას ემსახურება.

დღეისთვის, „ფინანსურ ფეხბურთს” 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს და 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი.

ქართულენოვანი „ფინანსური ფეხბურთის“ თამაში უფასოა.