მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქციას მართავს
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქციას მართავს

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია იმართება. აქცია მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვს, რომლებმაც, მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას.

საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, სასამართლო სისტემა დატოვონ მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ უსამართლო გადაწყვეტილებებს.

აქციას შეუერთდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

აქციის მონაწილეებმა მოსამართლე ლევან მურუსიძე შეხვედრაზე შეძახილებით შეაცილეს. მურუსიძეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოსთხოვეს, პასუხი გაეცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, რაზეც მურუსიძემ უპასუხა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები ციხეში შვიდი წლით მან გაუშვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

დატოვე კომენტარი