სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას ერთი თვის ვადაში დაასრულებს
სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას ერთი თვის ვადაში დაასრულებს

მოქალაქეთა საჩივრების გამო, სემეკ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სპეციალური კომისია დღესვე დაიწყებს, უშუალოდ კომპანიებში კი კომისია მომდევნო კვირიდან შევა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შემოწმება ერთი თვის ვადაში დასრულდება.

„მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა დღევანდელ სხდომაზე და მიიღო გადაწყვეტილება, როგორც „თელასის“ ასევე „თელმიკოს“ გასვლითი შემოწმების შესახებ. შემოწმება ერთი თვის ვადაში დასრულდება. შესაბამისად, განსაზღვრულია შემოწმების პროგრამა, როგორც მონაცემების აღების, ასევე ბილინგის პროგრამაში განთავსებასთან, დარიცხვასთან, ქვითრების დაგზავნასთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი კომისიას წარმოუდგენს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწვეტილებას. ვნახავთ მთელს ჯაჭვს და პროცესს. შესაძლოა, იყოს ერთი კომპანიის ხარვეზი, შესაძლოა, ორივესი, შესაძლოა, არც ერთის. ეს შესწავლის საგანია. სემეკ-ს გააჩნია უფლებამოსილება, რომ თუ ხარვეზი აღმოჩნდება, მისცეს ვადა და ეს ხარვეზი გამოასწორებინოს. დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე შესაძლოა, ვიფიქროთ კომპანიების დაჯარიმებაზე. გასულ წელს ორივე კომპანია დაჯარიმდა და გაფრთხილებულ იქნა, რომ ხარვეზების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდებოდა. შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში „თელასს“ 100 „თელმიკოს“ კი 150 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრებათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.