მოქალაქეთა ევაკუაცია სტიქიის ზონიდან [ფოტო/ვიდეო]

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, უკვე გამოყვანილია 70-მდე ადამიანი.

მათივე ცნობით, მოქალქეები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

„სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.