მოქალაქეს, რომელიც ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა, აჭარის მთავრობამ 2000 ლარი გადასცა, ბათუმის საკრებულომ კი, ოფიციალური მადლობა გამოუცხადა
მოქალაქეს, რომელიც ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა, აჭარის მთავრობამ 2000 ლარი გადასცა, ბათუმის საკრებულომ კი, ოფიციალური მადლობა გამოუცხადა

მოქალაქეს, რომელმაც ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს პირველადი დახმარება გაუწია, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარი გადასცეს, ბათუმის საკრებულომ მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოფიციალური მადლობა გამოუცხადა.

მოქალაქე რაულ თებიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტს შეესწრო. მან დაჭრილს ადგილზე აღმოუჩინა დახმარება და კლინიკაშიც თავად გადაიყვანა.

„მიხარია, რომ ეს შევძელი, მოულოდნელად დაიწო ხმაური, დავინახე, პატრული დაჭრილი იყო, აორტა ჰქონდა დაზიანებული,  რითაც შევძელი, ადგილზე გავუწიე დახმარება, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. სასწრაფოსთვის დალოდება აღარ შეიძლებოდა, წუთები წყვეტდა ყველაფერს. დავჯექი საჭესთან პატრულის მანქანაში და წავიყვანე საავადმყოფოში, ყველაფერი კარგად დამთავრდა“, – ამბობს რაულ თებიძე.

შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი კლინიკაში იმყოფება. მის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

დატოვე კომენტარი