მოქალაქე ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების მიმართ ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარედგინა
მოქალაქე ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების მიმართ ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარედგინა

მოქალაქე ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 მარტს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-სა და ა.დ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯელალ ქიქავას შეტყობინება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, ღამით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-სა და ა.დ.-ს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯელალ ქიქავას და მ.ბ.-ს მიყენებული აქვთ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. დ.-ს – ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად, დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებული ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია.

აღნიშნული პირები დაფიქსირებული არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში. გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.

მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ ბრალდებულს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება ტ.კ.-ს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.