მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ კომენდანტის საათთან დაკავშირებული „გირჩის“ სარჩელი უსაფუძვლოა
მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ კომენდანტის საათთან დაკავშირებული „გირჩის“ სარჩელი უსაფუძვლოა

კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ მიერ შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოა, – ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა, ქეთევან კრაწაშვილმა განაცხადა, რომელიც მოპასუხე მხარეა.

ქეთევან კრაწაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დადგენილება სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. მთავრობის წარმომადგენლისთვის გაუგებარია პოლიტიკური გაერთიანების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი ზღუდავს მუშაობის უფლებას, რადგან რეგულაცია არასამუშაო საათებისთვის მოქმედებს.

„მთავრობა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. განხორციელებული ჩარევა ადამიანის უფლებებში იყო აუცილებელი. ამ შემთხვევაში საუბარია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე, შესაბამისად, სამუშაო დროსთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ
ყველა აუცილებელი საჭიროება, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება წარმოშობილიყო გადაადგილებასთან დაკავშირებით, იყო დადებითად გადაწყვეტილი. არავის შექმნია ისეთი პრობლემა, რომელიც ამ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო მათთვის განსაკუთრებულად პრობლემური ყოფილიყო. იყო ინდივიდუალური მიდგომები“, – განაცხადა ქეთევან კრაწაშვილმა.

სარჩელის არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.