მონტენეგროს ევროპულ საქმეთა მინისტრი – მონტენეგროში შიშობენ, რომ მომავალ წელს ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების შედეგი შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებად გადაიქცეს
მონტენეგროში შიშობენ, რომ მომავალ წელს ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების შედეგი, შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებად გადაიქცეს, – ამის შესახებ მონტენეგროს ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მაიდა გორჩევიჩმა განაცხადა.
„ევრაქტივის“ მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ ფავორიტად მიჩნეული მონტენეგროს მთავრობა სკეპტიკურად არის განწყობილი იმაზე, რამდენად ახლოს არის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
გორჩევიჩის თქმით, ამის ერთ-ერთი დაბრკოლება, შეიძლება, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პოლონეთში დაგეგმილი არჩევნები გახდეს.
„გაფართოების პროცესისთვის და არამხოლოდ მონტენეგროსთვის, მომავალ წელს წევრი ქვეყნების რამდენიმე დედაქალაქში დაგეგმილი არჩევნები უზარმაზარი გამოცდა იქნება. ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ და რისთვის ვართ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკაა“, – განაცხადა მაიდა გორჩევიჩმა.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულია საფრანგეთში, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას ან ხელშეკრულების დამტკიცებას პარლამენტის ორივე პალატაში ხმების სამი მეხუთედით.
„დარწმუნებული ვარ, თუ ვითანამშრომლებთ საფრანგეთის მთავრობასთან, რომელიც გვიჭერს მხარს და დავხურავთ მოლაპარაკებების ყველა იმ თავს, რომლებიც აქამდე განიხილებოდა, მაშინ წარმატებას მივაღწევთ. დაველოდოთ მომავალ წელს და ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა გორჩევიჩმა.
გაფართოებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა შეშფოთების გასაფანტად საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ახალი წევრებისთვის გარდამავალი პერიოდისა და მკაცრი სამართლებრივი პირობების დაწესებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ახალი „დამცავი მექანიზმების“ შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები გაწევრიანებიდან 15 წლის განმავლობაში დაიცავენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
გორჩევიჩმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს ინტერესებშია, დათანხმდეს ყველაზე მკაცრ ახალ ზომას, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიული უკუსვლა. თუმცა, მისივე თქმით, მონტენეგრო ელოდება, რომ მას თავიდანვე თანასწორი წევრივით მოექცევიან, განსაკუთრებით ხმის უფლების საკითხში.
„ჩვენ არ გვეშინია სანქციების, მაგრამ ევროკავშირის შიგნით თანასწორობისკენ ვისწრაფვით“, – განაცხადა გორჩევიჩმა.
შეგახსენებთ, მონტენეგროს გაწევრიანებას მხარს უჭერენ ავსტრია, იტალია და უნგრეთი. ისინი მოითხოვენ, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ახალი მოთხოვნა ევროკავშირის მოქმედ 27 წევრ ქვეყანაზეც გავრცელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს ევროკომისიამ უნდა წარადგინოს წინადადებები ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შეზღუდვებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ.