მონტენეგრომ და სერბეთმა ერთმანეთის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს
მონტენეგრომ და სერბეთმა ერთმანეთის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

მონტენეგრომ სერბეთის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მონტენეგროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საპასუხოდ, სერბეთის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად მონტენეგროს ელჩი გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

მონტენეგროს მთავრობაში განმარტავენ, რომ სერბეთის ელჩი ვლადიმირ ბოჟოვიჩი არაერთხელ გააფრთხილეს როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, არ ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში. ამის მიუხედავად, სერბი დიპლომატი კვლავ აცხადებდა, რომ პარლამენტის 1918 წლის გადაწყვეტილება მონტენეგროს სუვერენიტეტის გაუქმებისა და იუგოსლავიაში გაერთიანების შესახებ იყო „გათავისუფლება“.

მონტენეგროს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2018 წელს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ამიტომ სერბეთის ელჩის განცხადებები მოქმედი საკანონმდებლო ორგანოსთვის დამამცირებელია.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგრო 1918 წლამდე დამოუკიდებელი სამეფო იყო, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ის იუგოსლავიის ნაწილი გახდა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთმა და მონტენეგრომ კონფედერაცია გამოაცხადეს. 2006 წლის მაისში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად სერბეთიც და მონტენეგროც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან. 2017 წელს კი მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდა.