მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ 
მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ 

მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ დასახულ მიზანს დაუხლოვდნენ. ევროკავშირმა ამ ორ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ორი ახალი თავი გახსნა. სხდომა ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრას კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.

„ვულოცავ მონტენეგროს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს რეფორმების გზაზე. გაფართოების პოლიტიკა ესტონეთისთვის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პრიორიტეტულია. მოლაპარაკებების ახალი თავის გახსნა მონტენეგროს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგია. წინ არის შრომატევადი საქმე იმისათვის, რომ პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და დასავლეთ ბალკანეთიდან გასაწევრიანებელ ქვეყნებს შორის, მონტენეგრომ მოწინავე კანდიდატის სტატუსი შეინარჩუნოს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა მონტენეგროზე საუბრის დროს.

სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ გაფართოებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის მშვიდობის დასმყარებლად და ხალხის კეთილდეობისთვის განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიცია.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მონტენეგროს 33 თავიდან 30 გახსნილია და 3 თავზე მოლაპარაკება დასრულებულია.

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული მოლაპარაკებების ამ ეტაპების დასრულების მნიშვნელობა და ის თუ რას მოუტანს და როგორ აისახება მონტენეგროს მომავალი წევრობა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მონტენეგროს ევროპულ საქმეთა მინისტრმა ალექსანდ პეივიჩმა.

მონტენეგროს ჩამორჩება, მაგრამ ინტეგრაციისთვის საჭირო პროცესს აგრძელებს სერბეთი. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას მოლაპარაკებების 12 თავი გახსნილი აქვს და 2 თავი დახული. კანდიდატმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე, ქვეყნის სამართლებრივი ბაზა ევროპულთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. თითოეული თავი კონკრტულ სფეროს მოიცავს.

პროცესის დასრულების ვადა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და რეფორმების ტემპზე. მონტენეგრომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2008 წლის 15 დეკემბერს გააკეთა. ევროკავშირმა მონტენეგროს უვიზო მიმოსვლა 2009წლის 19 დეკემბერს მიანიჭა. 2010 წლის მაისში ევროკომისიამ მონტენეგროს კანდიდატის სტატუსი მისცა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. სერბეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა და 2012 წელს კანდიდატი სტატუსი მიიღო.

„სერბეთის პერსპექტივა მყარი და რეალურია“, – განაცხადა ბრიუსელში შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა გაფრთოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა.

მონტენეგროსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ორგანიზაციაში აქტიურად საუბრობენ. ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას 2025 წლამდე ელოდებიან. ეს პროგნოზი ევროკომისიის პრეზიდენტაც გააკეთა. ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ 2019 წლამდე ორგანიზაცია არ გაფართოვდება, მაგრამ 2019 წლის შემდეგ, ორგანიზაციის ბალკანეთის მიმართულებით გაფართოება ორგანიზაციის და მისი სამეზობლოს სტაბილურობას შეუწყობს ხელს. მონტენეგროს ევროინტეგრაციის გზაზე 2017 წელი წარმატებული იყო. ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა.