კანადის ქალაქ მონრეალის ქალთა ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, როლან გაროსის ფინალის რემატჩი შედგება – რუმინელი სიმონა ჰალეპი ამერიკელ სლოან სტივენსს შეხვდება.
ჰალეპი კანადური ტურნირის ფინალში მესამედ გავიდა და შეეცდება მეორე ტიტულის მოპოვებას. რუმინელმა ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან ნახევარფინალში დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება – 6:4, 6:1.
ჰალეპი ორივე სეტის სტარტზე ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას: პირველ პარტიაში საწყისი ხუთი გეიმიდან ოთხი მოიგო, მეორეში კი პირველ ოთხ გეიმში გაიმარჯვა, ამასთან, ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.
ჰალეპი ფინალში ამერიკელ სლოან სტივენსს შეხვდება, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა გამოთიშა ბრძოლას – 6:3, 6:3. ახლა, სტივენსს ექნება შანსი – რევანში აუღოს ჰალეპს როლან გაროსის ფინალში წაგებისთვის.
სტივენსმა პირველი სეტი ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო. სვიტოლინამ წინა მატჩში ელიზ მერტენსის წინააღმდეგ შეძლო ამ ჩამორჩენის გაბათილება და მოგება და ახლაც კინაღამ დაეწია მეტოქეს, მაგრამ სამ გეიმზე მეტის აღება ვერ შეძლო. დაახლოებით იგივე მოხდა მეორე სეტში და სვიტოლინას ისევ ცოტა დააკლდა.