მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა

11:50, 17.11.2026

მონღოლეთის პრეზიდენტი უნხააგინ ხურელსუხი კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციურმა პარტიამ ის რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა.

განცხადებაში ხურელსუხი განმარტავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში დანაშაულებრივი დაჯგუფებები თავს ესხმიან მის ღირსებას და პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეურაცხყოფენ მის რეპუტაციას.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გუშინ ფრაქცია დემოკრატიულმა პარტიამ გამოხატა პოზიცია, რომლის თანახმადაც მონღოლეთის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს და ჩატარდეს გამოძიება. მე ვეთანხმები ამას“, – განაცხადა უნხააგინ ხურელსუხმა და აღნიშნა, რომ ის ვინც ლახავს მის რეპუტაციას, პასუხისგებაში მიეცემა.

საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის გადადგომა 16 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიების ჩასატარებლად, დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა ინიციატივა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რასაც 42 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ულან-ბატორის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ქრთამის მიმღებთა შორის პრეზიდენტიც ფიგურირებდა. ვარაუდობენ, რომ პოლიტიკოსებმა ქრთამის სახით, საერთო ჯამში 110 მილიონი დოლარი აიღეს.

მსგავსი