მონაკოში რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC დაკავებულის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი რიბოლოვლევი 6 ნოემბერს მონაკოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. როგორც ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, მონაკოს გენერალურმა პროკურორმა ბიზნესმენის საქმიანობის გამოძიება კორუფციის, ვაჭრობის გავლენისა და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით დაიწყო.
BBC კი, საკუთარ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ რიბოლოვლევის დაკავება ნახატებს უკავშირდება. მონტე-კარლოში ბიზნესმენის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
რიბოლოვლევს შვეიცარიაში არტ-დილერთან ივ ბუვიესთან სასამართლო დავა ჰქონდა. რუსი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ბუვიე ნახატებს გადაჭარბებულ ფასად ჰყიდდა. მილიარდერი აცხადებდა, რომ ამგვარი მოტყუებით მან ერთი მილიარდი დოლარი დაკარგა.
რიბოლოვლევის იურისტების განცხადებით, მონაკოს სასამართლო ორგანოებს ბუვიეს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ.
გამოცემა Le Monde აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის დაკავება „მონაკოსა“ და „ბრიუგეს“ შორის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
ჟურნალი „ფორბსი“ რიბოლოვლევის ქონებას 6,8 მილიარდ დოლარად აფასებს.