მონაკოს გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
მონაკოს გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა მონაკოს ქუჩის ტრასაზე დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა და სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 77-ე ეტაპი მოიგო.

ბრიტანელმა პოულიდან აიღო სტარტი და ლიდერობდა მთელი დისტანციის განმავლობაში, მაგრამ ერთადერთი პიტსტოპისას საშუალედო საბურავებზე გადასვლამ, “მერსედესის” ლიდერის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა. რბოლის მეორე ნახევარში, ჰემილტონი მუდმივად ჩიოდა რადიოთი საბურავების ცვეთის გამო და შიშობდა, რომ მეორე პიტსტოპის შესრულება მოუწევდა, მით უმეტეს, რომ მეორე ადგილზე მყოფი მაქს ფერსტაპენი ერთ წამზე ნაკლებ მანძილზე იმყოფებოდა მოქმედ ჩემპიონთან.

ბოლოსწინა წრეზე, ფერსტაპენმა გვირაბიდან გამოსვლისას შეუტია ჰემილტონს, პილოტებს შორის მოხდა კონტაქტი, მაგრამ ბოლიდები არ დაზიანებულა. ლუისი წინ დარჩა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
ფერსტაპენი მეორე იყო, მაგრამ საბოლოო ოქმში მხოლოდ მეოთხე აღმოჩნდა ხუთწამიანი ჯარიმის გამო, რომელიც პიტსტოპიდან სახიფათო გამოსვლისა და ვალტერი ბოტასთან კონტრაქტის გამო მიიღო. ამიტომაც, მეორე ადგილი სებასტიან ფეტელს ერგო, მესამე – ბოტასს. ასე რომ, პირველად 2019 წელს, “მერსედესმა” ვერ შეასრულა დუბლი, სამაგიეროდ, გააგრძელა მოგებათა სერია.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონმა გაზარდა უპირატესობა ბოტასთან 17 ქულამდე. მესამე ადგილზე დაბრუნდა სებასტიან ფეტელი, მაგრამ გერმანელი უკვე 55 ქულას აგებს ლიდერთან.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, კანადაში გაიმართება.