მონაკოში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი გაიმართა, რომელიც “რედ ბულის” ავსტრალიელმა პილოტმა დანიელ რიკარდომ მოიგო. ეს მისი მეორე გამარჯვება იყო სეზონში და მეშვიდე – კარიერაში.
მონაკოს ქუჩის ტრასაზე გასწრება ძალიან რთულია და ეს ამჯერადაც დამტკიცდა – პირველი ექვსი პილოტი იმ თანმიმდევრობით მივიდა ფინიშზე, როგორითაც სასტარტო ბილიკზე იდგნენ. შესაბამისად, ეს იყო მიმდინარე სეზონში ყველაზე მოსაწყენი გრანპრი.
რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა “ფერარის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა, მესამეზე გავიდა ჩემპიონატის ლიდერი “მერსედესიდან” ლუის ჰემილტონი.
მონაკოს გრანპრის შემდეგ, ჰემილტონი 110 ქულით პირველ ადგილზეა საერთო ჩათვლაში, ფეტელს 96 ქულა აქვს, რიკარდო კი 72 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა.
ორი კვირის შემდეგ, მეშვიდე ეტაპი კანადაში გაიმართება.