მომხმარებლის დაცვის კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მომხმარებლის დაცვის კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამველ მანუკიანმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და  სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

„მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების  აქტიურ ჩართულობას, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცა პასუხები, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 14 მარტს ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში“, – აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.