მონტე კარლოს მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირს მომდევნო კვირას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. მსოფლიოს მე-17 ჩოგანი იქ მეოთხე ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის მოგებული.
ბასილაშვილი შარშანაც თამაშობდა ბუდაპეშტში. მაშინ მას განთესვის ნომერი არ ჰქონდა და გამოსვლა 1/16 ფინალიდან დაიწყო. ქართველმა პირველ ორ წრეში ორ-ორ სეტში დაამარცხა იტალიელი პაოლო ლორენცი და კანადელი დენის შაპოვალოვი, მეოთხედფინალში კი წააგო ანდრეას სეპისთან. ასე რომ, წელს ბასილაშვილმა აუცილებლად უნდა გააღწიოს მეოთხედფინალში, რათა შარშან მოპოვებული სარეიტინგო ქულები დაიცვას.
ბასილაშვილის გარდა, პირველი რაუნდიდან თავისუფალი არიან ხორვატები მარინ ჩილიჩი და ბორნა ჩორიჩი, აგრეთვე შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი მარკო ჩეკინატო.