აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ტურნირს საფრანგეთის ქალაქ მეცში გამართავს.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-17 ადგილზეა, მეცში მეორე ნომრად არის განთესილი. ქართველი პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მისი მეტოქე იქნება ფრანგი უგო უმბერი ან კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული.
მეცის ტურნირზე განთესილების სრული სია ასე გამოიყურება: 1. დავიდ გოფენი (ბელგია), 2. ნიკოლოზ ბასილაშვილი, 3. ბენუა პერი (საფრანგეთი), 4. ლუკა პუიე (საფრანგეთი), 5. ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი), 6. ჰუბერტ იურკაში (პოლონეთი), 7. ჟილ სიმონი (საფრანგეთი), 8. იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია).
2018 წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე ფრანგები კენი დე სხეპერი და უგო უმბერი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში სამ სეტში დამარცხდა იაპონელ კეი ნიშიკორისთან – 3:6, 6:4, 4:6. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მასპინძელი ჟილ სიმონია.