მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტში განიხილავენ
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტში განიხილავენ

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში წარადგენს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის ახალ ვარიანტში შემოსულობებს 357 მილიონი დაემატა. მისივე თქმით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში გაზრდილია სოციალური პროგრამები, ასევე ჯანდაცვის პროგრამები.

ამასთან, კოვზანაძის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტში ხარჯები გაზრდილია ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ასევე გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პროგრამის 50 ლარით დაფინანსება.

„პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია მივიღეთ. შეცვლილი არის პარამეტრები. 357 მილიონი დაემატა შემოსულობებს, ხოლო ხარჯვითი ნაწილები გაზრდილია 268 მილიონით. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯვა მომავალ წელს, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიაღწევს 12 მილიარდ 957 მილიონს. რაც მნიშვნელოვანია, გაზრდილია სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები. ინფრასტრუქტურული მიმართულებით არის ხარჯები, მათ შორის სკოლებთან დაკავშირებული პროექტები”,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, აღნიშნული ბიუჯეტი კვლავ ხმარდება უსარგებლო ხარჯებს.