მომავალი წლიდან მუქი შეფერილობის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები „ცე ოს“ შემცველობაზე შემოწმდებიან
მომავალი წლიდან მუქი შეფერილობის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები „ცე ოს“ შემცველობაზე შემოწმდებიან

2020 წლიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის ფარგლებში, ავტომობილების შემოწმების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. კონკრეტულად კი, ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟი გააჩერებს და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებს – ცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში „ცე ოს“ (CO) შემცველობა.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. შესაძლოა, ასეთ ავტომობილს მეორე ინსპექტირების გავლამდე გზებზე მოძრაობაც აეკრძალოს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში კონტროლი თბილისიდან დაიწყება და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

საქართველოს პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოს მთავრობისა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, კვლევის ფარგლებში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი გააქტიურდეს.

დეპარტამენტი ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებს.

„შემოწმებები განხორციელდება შერჩევითი წესით და ცხადია, თავიდან იქნება შემოწმების მაპროვოცირებელი ვიზუალური გამონაბოლქვი, რომელიც იქნება მუქი შეფერილობის, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ გამონაბოლქვ აირებში იყოს მავნე ნივთიერებები და ძირითადად, ხდება ნახშირჟანგის, „ცე ოს“ იდენტიფიცირება“, – აღნიშნა ნელი კორკოტაძემ.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შეფასებით, ჯარიმის ოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ განმეორებითი შემთხვევის პრევენცია მოახდინოს.

მისი თქმით, მონიტორინგის მსგავსი მეთოდი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, რეგულაციები პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე შევა. ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ამჟამად ხელსაწყოს შერჩევა მიმდინარეობს, რომლითაც ავტომობილები შემოწმდება. ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებას პარლამენტი მარს დაუჭერს.

ამასთან, მომავალი წლიდან ამოქმედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც გამონაბოლქვში „ცე ოს“ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი, ამჟამად არსებული 0.8 პროცენტის ნაცვლად, 0.5 პროცენტი გახდება. ასევე სავალდებულო ხდება ავტომობილში კატალიზატორი, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირებაა.