მოლდოვის ვიცე-პრემიერი - ერთობლივმა პროექტებმა მშვიდობა და წარმატება უნდა მოგვიტანოს
მოლდოვის ვიცე-პრემიერი - ერთობლივმა პროექტებმა მშვიდობა და წარმატება უნდა მოგვიტანოს

ერთობლივმა პროექტებმა ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას მშვიდობა და წარმატება უნდა მოგვიტანოს, – ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა ლესნიკმა თბილისში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

თბილისში კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით თანამშრომლობის განმტკიცებაზე მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა,  კრისტინა ლესნიკმა მოაწერეს ხელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს საერთო გეგმები, საერთო გამოწვევები და საფრთხეები. ერთობლივმა პროექტებმა ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას მშვიდობა, წარმატება უნდა მოგვიტანოს“, – განაცხადა მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა.

მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფოების კონტროლს მიღმა არსებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პოლიტიკის თაობაზე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამმხრივი უწყებათაშორისი  პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრა.