მოლდოვის საჰაერო სივრცეში რეაქტიული დრონი დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში საჰაერო სივრცე დროებით დახურა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, ამჯერად 400 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი რეაქტიული დრონი დააფიქსირეს, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში საჰაერო სივრცე დროებით დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატის გადაფრენა 30 სექტემბერს, 10:26 საათზე, დუბოსარის რაიონის დასახლება ლუნგის ტერიტორიაზე დააფიქსირა.
უწყების ცნობით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაფიქსირების შემდეგ ჩრდილოეთ რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა. ამის გამო ცენტრალურ ზონაში დაწესებული შეზღუდვა მოგვიანებით მოიხსნა და საჰაერო სივრცე გაიხსნა.
ბოლო მონაცემებით, დრონი მონიტორინგის სისტემებიდან დონდუშენის რაიონის დასახლება არიონეშტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაქრა. ამის შემდეგ საჰაერო სივრცე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც გაიხსნა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 სექტემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე მოხდა.
მოლდოვის საჰაერო ოპერაციების სამსახური ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს კომპეტენტურ უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით.