მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა რუსეთის გეგმა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გახსნას

13:32, 30.08.2026

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა რუსეთის გეგმა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გახსნას. მედიის ცნობით, მანამდე არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების დროს, რუსეთი დნესტრისპირეთში 17 საარჩევნო უბანს გახსნის.

საპასუხოდ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მოლდოვის კონსტიტუციური ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიუღებელია.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მოლდოვა აღიარებს მის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებას, მონაწილეობა მიიღონ მათი სახელმწიფოების მიერ ორგანიზებულ არჩევნებში, თუმცა ეს უფლება მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით უნდა განხორციელდეს.

„უცხო ქვეყნების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესების ორგანიზება კი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული კიშინიოვის კონსტიტუციურ ხელისუფლებასთან“, – განაცხადეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთმა მოლდოვის ხელისუფლებასთან შეათანხმა ერთადერთი საარჩევნო უბნის გახსნა კიშინიოვში.

„ამ პირობებში რუსეთის განზრახვა, მოლდოვის კონსტიტუციური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, დნესტრისპირეთის რეგიონში დამატებით 16 საარჩევნო უბანი გახსნას, მიუღებელია და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი