მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება მიხაი პოპშოიმასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„რუსეთი სწავლობს და ადაპტირებას ახდენს, ისინი ცდილობენ, დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ, რათა ჩამოაგდონ დემოკრატიული მთავრობა მოლდოვაში“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ იცის, რომ კრემლი აპირებს, დიდი ენერგია და ფინანსები დააბანდოს თავისი მარიონეტების დახმარებით, რათა სასურველს მიაღწიოს და ცდილობს მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას. პოპშიომ ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით სიტუაცია დაძაბული რჩება და ამ საკითხზე სპეკულირება, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს მოლდოვაში ინვესტიციებზე.

ამასთან, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლდოვის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რუსეთის პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

„რუსეთის პროპაგანდამ ნატო გადააქცია საფრთხობელად, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ნატო-ს პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვაში დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და გაგაუზიასა და დნესტრისპირეთში კონფლიქტების პროვოცირებას, რათა ხელი შეუშალოს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.