მოლდოვის პრეზიდენტი 2019 წელს ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს
მოლდოვის პრეზიდენტი 2019 წელს ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

მოლდოვის პრეზიდენტი 2019 წელს ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის თებერვალში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც ერთი პარტია უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შანსი 50%-ზე მაღალია.

მოლდოვას პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, სოციალისტებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გაერთიანებით შეიძლება.

იგორ დოდონის პროგნოზით, 6 %-იანი ბარიერის გადალახვასა და პარლამენტში მანდატების მოპოვებას სოციალისტური, დემოკრატიული და ოპოზიციური პროევროპული პარტიები „ღირსება და სამართლიანობა“ და „მოქმედება და სოლიდარობის“ კავშირი შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის 24 თებერვლის არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს პირველად აირჩევენ შერეული სისტემით. დეპუტატების ნახევარი პარტიული სიით, ნახევარი კი ერთმანდატიანი ოლქებიდან იქნება წარმოდგენილი.