მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 10 000 ჯარისკაცის განლაგებას და კიშინეუში კრემლის მომხრე მთავრობის დანიშვნას
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში გეგმავს 10 000 ჯარისკაცის განლაგებას და კიშინეუში კრემლის მომხრე მთავრობის დანიშვნას, – ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
რეჩანი აცხადებს, რომ რუსეთი ერევა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, იმ იმედით, რომ მოლდოვის მომავალი მთავრობა უფრო მეტად კეთილგანწყობილი იქნება მოსკოვის მიმართ და საშუალებას მისცემს მას, დნესტრისპირეთში მეტი ჯარისკაცი განალაგოს.
„ეს არის უზარმაზარი მცდელობა, რომელიც მიმართულია მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ… მათ სურთ, გააძლიერონ თავიანთი სამხედრო წარმომადგენლობა დნესტრისპირეთის რეგიონში“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში 10 000 ჯარისკაცის შესაძლო განლაგების შესახებ ცნობები მოლდოვის დაზვერვას ეფუძნება.
„ამჟამად მათი ძალები იქ თითქმის უმნიშვნელოა, მაგრამ დნესტრისპირეთში დიდი სამხედრო ყოფნით, რისი საშუალებაც, შესაძლოა, პრორუსულმა მთავრობამ მისცეს, ისინი შეძლებენ კონსოლიდაციას“, – თქვა რეჩანმა.
„წარმოიდგინეთ, რა გავლენას და ზეწოლას მოახდენს 10 ათასი ჯარისკაცი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთზე. ასევე, ნატო-ს წევრი რუმინეთის მახლობლად“, – აღნიშნა მან.
სხვადასხვა შეფასებით, დნესტრისპირეთში ამჟამად რუსეთის დროშის ქვეშ დაახლოებით 1 500 ჯარისკაცი იმყოფება, თუმცა მათი უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. მოლდოვის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ რუსული ჯარების დნესტრისპირეთში ყოფნა უკანონოა და კიშინეუ ამ კონტინგენტის უპირობო გაყვანას ელოდება.