მოლდოვის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს პიროტექნიკით შეიარაღებული პირები, რომლებიც არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ
მოლდოვის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს პიროტექნიკით შეიარაღებული პირები, რომლებიც არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ

მოლდოვის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა პიროტექნიკით შეიარაღებული დნესტრისპირელები დააკავეს.

პოლიციამ სოციალური ქსელის მეშვეობით შესაბამისი კადრებიც გაავრცელა.

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულია სამი ადამიანი, აქედან ორი ერთი ოჯახის წევრია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების ჩხრეკის დროს აღმოჩენილია არაერთი ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც, პოლიციის ცნობით, პანიკის დათესვისა და ქაოსის შექმნისთვის იყო განკუთვნილი.

ცნობისთვის, მანამდე მოლდოვის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიიღეს ინფორმაცია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დედაქალაქში დაანონსებული აქციის ფარგლებში, არეულობისა და დესტაბილიზაციის ორგანიზებას აპირებენ.

ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ „არ შეეგუებიან კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და არ დაუშვებენ, რომ მოქალაქეების სიცოცხლესა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას“.