მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ, რომ მიიღეს ინფორმაცია ადამიანთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაანონსებული აქციის ფარგლებში, არეულობის ორგანიზებას აპირებენ
მოლდოვის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიიღეს ინფორმაცია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დედაქალაქში დაანონსებული აქციის ფარგლებში, არეულობისა და დესტაბილიზაციის ორგანიზებას აპირებენ.
სამართალდამცავი ორგანოები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ მოქალაქეების სიცოცხლესა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას.
ამასთან, პოლიცია ორგანიზატორებს დაანონსებული ღონისძიების ჩატარებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ახსენებს.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ შეეგუებიან კანონის დარღვევებს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოქალაქეებისათვის ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გააანალიზონ თავიანთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში, რისთვისაც მათ შეიძლება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – აღნიშნულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სავარაუდოდ ორშაბათიდან, მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლებია დაანონსებული.