მოლდოვის პარლამენტმა რუსული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

16:45, 07.12.2017

მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტს 101-დან 61-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ იყვნენ მოლდოვის “სოციალისტური” და “კომუნისტური” პარტიების წევრები.

კომუნისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„კანონპროექტი უპირველეს ყოვლისა მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც მოლდოვას „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ აქვს“, – განაცხადა კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ინა შუპაკმა.

რუსული მედიისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხის განხილვა მოლდოვაში 2015 წლიდან მიმდინარეობს.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ინიციატივა მიმართულია საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ინიციატივის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდება საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, ასეთი კი რუსეთია.


პარლამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოემხაურა მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მსგავსი