მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა

მოლდოვაში მთავრობა გადააყენეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 62 დეპუტატმა დაუჭირა.

პარალელურად მოლდოვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება.

სანდუს მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარ მიზეზად კანონი დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევას ერთპიროვნულად შეძლებდა.

მაია სანდუს თქმით, მისი გადაყენების შემთხვევაში, მოლდოვა საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.

2019 წლის ზაფხულში მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომლის შედეგადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანას ფაქტობრივად ორი მთავრობა ჰყავდა. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნეს დემოკრატიული პარტიის წევრი პაველ ფილიპი. მან პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

თუმცა, იგორ დოდონის სოციალისტურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას პროევროპულ ალიანსთან და მოლდოვაში ახალი კოალიციური მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდა. მას სათავეში ჩაუდგა პროევროპული ალიანსის ლიდერი მაია სანდუ.

სანდუს მთავრობამ სულ ხუთი თვე იმუშავა. ამის შემდეგ სოციალისტური პარტია და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის დემოკრატიული პარტია მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.