მოლდოვის პარლამენტმა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი მთავარ საფრთხედ არის დასახელებული
მოლდოვის პარლამენტმა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი მთავარ საფრთხედ არის დასახელებული

მოლდოვის პარლამენტმა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედ არის დასახელებული.
2024-2034 წლების თავდაცვის სტრატეგიის განხილვა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხანგრძლივი დებატებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად მითითებულია ის გარემოებები, რაც რუსეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული – კერძოდ, ომი უკრაინაში და ომის გაფართოების რისკი მოლდოვის ტერიტორიაზე, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმები, დნესტრისპირეთში განლაგებული რუსი სამხედროები და რუსული ფორმირებები.

ეს საფრთხეები ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებად არის განსაზღვრული.

მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად კი, დოკუმენტში წარმოდგენილია თავდაცვის ხარჯებისა და სამხედრო ბაზების გაზრდა და სამხედრო განათლების გაუმჯობესება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, გადამწყვეტ როლს ასრულებს აგრესიის შეკავებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ მოლდოვის ნეიტრალური სტატუსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობისთვის.

სტრატეგიაში ასევე წარმოდგენილია შეთავაზება, გააქტიურდეს მოლდოვის მონაწილეობა ევროკავშირის სამშვიდობო და სამოქალაქო მისიებში და 2034 წლამდე დასახულია მიზანი 100%-ით მოხდეს მისი სამხედრო სტრუქტურების ინტეგრირება ევროკავშირში.