მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად გაზისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება სახელდება.
საგანგებო ზომების შემოღებას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 20 იყო. პარლამენტის კიდევ 22 წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ძალაში 26 სექტემბრიდან შევა. ეს მოლდოვის ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს.
როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ვასილე ტოფანიმ განმარტა, ქვეყანას ენერგომომარაგებისა და წყალმომარაგების სფეროებში კრიზისის საფრთხის წინაშე რამდენიმე ფაქტორის გამო აღმოჩნდა, მათ შორის ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომების, ასევე გვალვის, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურების მუშაობაზე ნეგატიურად იმოქმედა.
მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პარლამენტთან, მთავრობასა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების რეკომენდაცია გასცა, რათა ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო ბერკეტები ჰქონოდა. ამასთან, როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, მისი ქვეყანა ენერგორესურსების იმპორტზეა დამოკიდებული, მსოფლიოში კი, ბენზინისა და დიზელის საწვავის უპრეცედენტოდ მაღალი ფასებია.
ამჟამად მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც მთავრობამ 28 ივლისს გამოაცხადა. მანამდე, მარტში მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. მაშინ აღნიშნული ზომების მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზის – ისაკჩა-ვულკანეშტის – გათიშვა გახდა, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფდა.