მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელს მოუწევს, მათ შორის 18 დიპლომატს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყანაში იმ პირთა რაოდენობის შეზღუდვას, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებები ვიხილეთ საკმაოდ მტრული პოლიტიკისა. ზოგიერთი მათგანი ხორციელდებოდა კიშენეუში რუსეთის საელჩოს დახმარებით. მე ასევე ახლახან ვნახე ინფორმაცია რუსეთის დიპლომატიური უწყების შენობაზე დამონტაჟებული დიდი რაოდენობით ანტენების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურები და ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები იყვნენ კონცენტრირებულები დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაზე. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლების დიდი ნაწილის ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ და როდესაც მათი ქმედებები არ შეესაბამება დიპლომატიური სამსახურების თანამშრომელთა ქცევის სტანდარტებს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლდოვაში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის დიპლომატების რაოდენობა შევამციროთ“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საპასუხოდ, მოლდოვაში რუსეთის ელჩმა, ოლეგ ვასნეცოვმა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მოლდოვის მთავრობა „რუსოფობიაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს აუცილებლად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

რუსმა დიპლომატმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ რუსეთის საელჩოს შენობაზე დამონტაჟებული იყო ანტენები, რომლებითაც მოლდოვის სხვადასხვა პოლიტიკოსს უთვალთვალებდნენ. როგორც მოლდოვაში რუსეთის ელჩმა თქვა, ეს ანტენები „ჟანგიანია“.

„შენობა 90-იანი წლების ბოლოს არის აშენებული და ანტენებიც იმდროინდელია. თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ანტენები ჟანგიანია. მობილური კავშირი და ინტერნეტი კარგად რომ მუშაობდეს, მათი განახლება არ მოგვიწევდა. ყველა ეს ანტენა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე“, – განაცხადა მოლდოვაში რუსეთის ელჩმა.

ცნობისთვის, 24 ივლისს „ჯოურნალ ტივიმ“ და „რაშან ინსაიდერმა“ გამოაქვეყნეს საგამოძიებო სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ კიშენეუში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობაზე დამონტაჟებულია დიდი რაოდენობით ანტენები, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის სიგნალის მიღება. ექსპერტების აზრით, რუსეთი ამ ანტენების საშუალებით, სავარაუდოდ, აგროვებს მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების შემცველ კონფიდენციალურ ინფორმაციას.