მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ ვლადიმირ პლახოტნიუკის საბერძნეთიდან ექსტრადირების პროცედურა დაიწყო
მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ საბერძნეთიდან ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.
„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების პროცედურა მას შემდეგ, რაც ინტერპოლის ბიურომ კიშინეუში ოფიციალურად შეგვატყობინა საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ. ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნიან საბერძნეთის შესაბამის ორგანოებს“, – განუცხადა გამოცემა NewsMaker-ს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლორეტა ლისნიკმა.
მოლდოვის პოლიციამ საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქის, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერის, პლახოტნიუკის დაკავების შესახებ დღეს განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ასევე დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ. მოლდოვური მედია წერს, რომ პლახოტნიუკი საბერძნეთიდან დუბაიში მიემგზავრებოდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა.
მოლდოვაში პლოხოტნიუკის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.
კონსტანტინ ცუცუს კი მოლდოვაში უკანონო გამდიდრებასა და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის მითითებაში სდებენ ბრალს.