მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ამასთან, რელიზში აღნიშნულია, რომ უახლოეს ხანში უწყება გააუქმებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც.

„2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს შეთანხმებები პრაქტიკულად არ მოქმედებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

როგორც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, აღნიშნული შეთანხმებების პროტოკოლი მოიცავდა „იურიდიულ საბაბს, რომელიც რუსეთს მოჰყავდა არგუმენტად, როდესაც ამართლებდა დნესტრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნას“.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამიერიდან რუსეთს ამ არგუმენტის მოყვანის შესაძლებლობა აღარ ექნება.

„მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური არ ინარჩუნებს საგარეო პარტნიორობას იმ ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, რომლებიც კანონს უგულებელყოფენ და მოქმედებენ მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ, აწარმოებენ ძირგამომთხრელ ქმედებებს მოლდოვის წინააღმდეგ, მათ შორის არყევენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ახდენენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და ეჭვქვეშ აყენებენ მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადეს მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში.