მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა.
მოლდოვური მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრს თან ახლდნენ Moldovagaz-ის მოქმედი ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი და არჩეული ხელმძღვანელი დორინ ჟუნგიეტუ.
მოლდოვის წარმომადგენლები აპირებდნენ სამი საკითხის განხილვას, ესენია: დნესტრისპირეთში გაზის მიწოდება, Moldovagaz-ის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის შედეგები და კიშინეუს დავალიანება „გაზპრომთან“.
მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მოლდოვაში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოქმედი კონტრაქტით 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ; ასევე, დნესტრისპირეთის გაზის ალტერნატიული მარშრუტით მიწოდების შესაძლებლობა უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში. სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მიაღწიეს თუ არა ამ საკითხებზე რამე შეთანხმებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია Moldovagaz-ის მმართველობის ახალი შემდგენლობის წევრთა კანდიდატურებს, რომლებიც კიშინეუმ წარადგინა, განმეორებით უყრიან კენჭს. Moldovagaz-ი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა.
მიმდინარე წელს მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ პირველად ჩაატარა კონკურსი Moldovagaz-ის მმართველი წევრების შესარჩევად. კონკურსის შედეგად გაიმარჯვა ყაზახური ნავთობისა და გაზის კომპანიის, SICIM Kazakhstan-ის მენეჯერმა. დორინ ჟუნგიეტუმ. კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი წარადგინეს მოადგილის თანამდებობაზე. კონკურსის შედეგებით, მოლდოვის მხრიდან მმართველ საბჭოში ასევე უნდა შევიდეს ორი კანდიდატი.
ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზზე და მას ევროპულ ბაზარზე ყიდულობს. თუმცა „გაზპრომი“ აგრძელებს გაზის მიწოდებას დნესტრისპირეთში, რომლიდანაც მოლდოვის ელექტროენერგიის დიდი ნაწილით უზრუნველყოფა ხდება. 2025 წლიდან უკრაინა თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას გეგმავს. მანამდე შესაძლო ვარიანტებს შორის კიშინეუ ასახელებდა უკრაინის გავლით რუსული გაზის არა „გაზპრომის“ მიერ, არამედ სხვა კომპანიის მიერ ტრანზიტს, ან გაზის მიწოდებას ბალკანური გაზსადენით.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დნესტრისპირეთი მთლიანად დამოკიდებულია ამ გაზზე, თუ იქ არ იქნება ეს დე ფაქტო უფასო გაზი, რეგიონი ვერ გადარჩება. იქ არიან ჩვენი მოქალაქეები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური „აფეთქება“ კი, როდესაც იქ რუსული არმია და იარაღია, დიდ რისკებს ქმნის. ჩვენ ვემხრობით დნესტრისპირეთში გაზის შენარჩუნებას, რათა დავამშვიდოთ სიტუაცია“, – აცხადებდა ვიზიტამდე მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი პარლიკოვი
მანვე აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში კრიზისი არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში სურთ.