მოლდოვის ცესკო-მ ბიზნესმენ ილან შორთან დაკავშირებულ ბლოკ „გამარჯვებას“ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა ბიზნესმენ ილან შორთან დაკავშირებულ ბლოკ „გამარჯვებას“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პაველ პოსტიკამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ბლოკის წევრებს კავშირი აქვთ გაქცეულ ოლიგარქ ილან შორთან, რომელსაც მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ „გამარჯვების“ ყრილობის მოსკოვში ჩატარება „უკანონო დაფინანსების საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს.
„უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყრილობის ჩატარება საარჩევნო ორგანოების ზედამხედველობის გარეშე, უცხოური სტრუქტურების მონაწილეობითა და ლოგისტიკური მხარდაჭერით, უკანონო დაფინანსების საფუძვლიან ეჭვებს იწვევს, ეს კი ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას“, – განაცხადა პოსტიკამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანონი კრძალავს არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას. გარდა ამისა, ბლოკ „გამარჯვებაში“ შემავალ პარტიებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სასამართლო განხილვა დაშლის ან საქმიანობის შეზღუდვის საქმეზე.
პოლიტიკური გაერთიანების, „გამარჯვების“ ლიდერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არამართლზომიერად მიიჩნევენ.
„ეს უკვე მეორე მცდელობაა, არ დაუშვან საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია. დადგენილების ეს პროექტი მხოლოდ ფორმალობაა, რადგან არსი ასეთია: თქვენ ან პატივს სცემთ მოქალაქეების, მათ შორის ჩვენს უფლებას, ხმა მისცენ და იყვნენ არჩეულნი, ან არა. თქვენ არასდროს სცემთ პატივს ამ პრინციპს“, – განაცხადა პარტია „აღორძინების“ წევრმა, ვასილე ბოლიამ.
პოლიტიკური ბლოკი „გამარჯვება“ 2024 წლის აპრილში მოსკოვში შეიქმნა. მასში გაერთიანდა ილან შორთან დაკავშირებული ოთხი პარტია – „აღორძინება“, „შანსი“, „მოლდოვის ალტერნატივის და გადარჩენის ძალები“ და „გამარჯვება“. 6 ივლისს მოსკოვში გაიმართა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ილან შორიც, რომელმაც რუსეთთან კავშირს მოლდოვისთვის ერთადერთი გადარჩენა უწოდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ „გამარჯვების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული, რომელსაც მოლდოვაში ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება პარტია „შორის“ უკანონო ფინანსირების საქმეზე.
ილან შორი 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2019 წლის ივნისში შორმა მოლდოვა დატოვა. 2023 წელს კიშინეუს სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.