მოლდოვის ცესკო გამოდის წინადადებით, რომ რუსეთში მყოფი ბიზნესმენის, ილან შორის ბლოკ „გამარჯვების“ შემადგენლობაში მყოფი სამი პარტია დაიშალოს
მოლდოვის ცესკო გამოდის წინადადებით, რომ რუსეთში მყოფი ბიზნესმენის, ილან შორის ბლოკ „გამარჯვების“ შემადგენლობაში მყოფი სამი პარტია დაიშალოს

მოლდოვის ცესკო გამოდის წინადადებით, რომ რუსეთში მყოფი ბიზნესმენის, ილან შორის ბლოკ „გამარჯვების“ შემადგენლობაში მყოფი სამი პარტია დაიშალოს. როგორც მოლდოვის მედია წერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამოაქვეყნა ანგარიშში, რომელშიც მოცემულია შორის ბლოკში შემავალი პარტიების ფინანსური შემოწმების შედგები.

ანგარიშის მიხედვით, ცესკო მივიდა დასკვნამდე, რომ პარტიები „შანსი“, „აღორძინება“ „მოლდოვის გადარჩენის ალტერნატიული ძალა“ და „გამარჯვება“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მათ შორის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართული რეფერენდუმის დროს, ხოლო მათ საორგანიზაციო და ფინანსურ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა რუსეთში მყოფი ბიზნესმენი ილან შორი.

კომისიის ანგარიშში საუბარია მრავალრიცხოვან დარღვევებზე, მათ შორის ხარჯების დამალვაზე, უკანონო შემოწირულობებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საჩუქრების დარიგებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით აქციების ორგანიზებაზე.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბლოკ „გამარჯვებაში“ შემავალი პარტიების ხარჯები 2024 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში სამ მილიონ ლეის აჭარბებდა, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა მასალა გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს გამოვლენილი ფაქტების შემოწმებისთვის.

ანგარიშში მოცემული დასკვნის საფუძველზე, მოლდოვის ცესკო გამოდის რეკომენდაციით, რომ პარტია „შანსი“ დაიშალოს, ხოლო „აღორძინებისა“ და „მოლოდვის გადარჩენის ალტერნატიული ძალის“ საქმე გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მოლდოვის ცესკო-მ არ დაუშვა სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებზე ბლოკი „გამარჯვება“ და გამორიცხა ამ ბლოკიდან სამი პარტია.

ამასთან, პრორუსულ პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის და „სოციალისტური პარტიის“ ლიდერის, იგორ დოდონის მეთაურობით შეიქმნა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ამ ბლოკში თავდაპირველად სამი პარტია იყო. ესენია: სოციალისტები, „მოლოდვის გული“ და „მოლდოვის მომავალი“. 5 აგვისტოს მათ შეურთდნენ კომუნისტებიც.

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს გაიმართება.