მოლდოვის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს ხელმძღვანელობით, პირველი სხდომა გამართა
მოლდოვის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს ხელმძღვანელობით, პირველი სხდომა გამართა

მოლდოვის ახლად არჩეულმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს ხელმძღვანელობით, პირველი სხდომა პარლამენტის შენობაში გამართა.

ახალმა მთავრობამ პირველ სხდომაზე პოლიციის გენერალური ინსპექციისა და ჯანდაცვის დაზღვევის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

პარალელურად, მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებთან გამართა შეხვედრა, მოგვიანებით კი, მოსახლეობას პრეზიდენტის, ახალი საპარლამენტო უმრავლესობისა და ახალი მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პოლიტიკური უთანხმოების ფონზე, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არმია პოლიტიკურ თამაშებში ჩარევას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა აშშ-მა, ევროკავშირმა და რუსეთმა.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. თავის მხრივ, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის განკარგულება გამოსცა.