მოლდოვაში, რკინიგზის სადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 70-მდე ადამიანი დააკავა
მოლდოვაში, რკინიგზის სადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 70-მდე ადამიანი დააკავა. დემონსტრაცია ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული.
პოლიციაში აცხადებენ, რომ აქციაზე შეკრებილი მცირე ჯგუფი ცდილობდა სამართალდამცველების და მოქალაქეების მისამართით პროვოკაციების განხორციელებას, მათ შორის ცდილობდნენ საგზაო მოძრაობის გადაკეტვას, ჩაამტვრიეს ავტომობილის მინა, მოიხმარდნენ ალკოჰოლს. აქციაში მონაწილეობდნენ მულტფილმების გმირების ფორმაში ჩაცმული პირები.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ამგვარ ღონისძიებბზე საჭიროა ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი იყო ყველა მონაწილის ვინაობის დადგენა. სამართალდამცველებმა მომიტინგეებს 76 კარავი, ოთხი საძილე ტომარა და გასაბერი ლეიბი ჩამოართვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ილან შორის მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებული დემონსტრაციის მონაწილეები მაია სანდუს გადადგომას და გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პოლიცია აცხადებდა, რომ აქცია არასანქცირებულია და მონაწილეები შესაძლო ჯარიმების შესახებ გააფრთხილა.
აგვისტოს დასაწყისში კიშინეუს სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გაგაუზიის მეთაურს, ევგენია გუცულს, რომელიც მოლდოვაში ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული პრორუსული პარტიის, „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე ცნეს დამნაშავედ. 2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მისი დაშლის განკარგულება გასცა. მოლდოვის მთავრობა პარტიას ქვეყანაში მასობრივი აქციების ორგანიზების გზით დესტაბილიზაციის მოწყობაში სდებს ბრალს. პარტია „შორის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ილან შორს მოლდოვაში დაუსწრებლად მიუსაჯეს 15-წლიანი პატიმრობა. ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება.