მოლდოვაში პარტიას „დემოკრატია სახლში“ შესაძლოა, საპარლამენტო მანდატები გაუუქმონ, მიზეზად პარტიის სასარგებლოდ საზღვარგარეთიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა სახელდება
მოლდოვაში შესაძლოა, არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატები გაუუქმონ პრორუმინულ პარტიას. ამის მიზეზად საზღვარგარეთიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა სახელდება.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის, „დემოკრატია სახლში“ წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები უნდა განიხილოს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ პარტიის ლიდერი ვასილე კოსტიუკი უკანონო აგიტაციას ეწეოდა „ტიკ-ტოკის“ ყალბი ანგარიშებით, ხოლო მოლდოვის მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარტიის, „დემოკრატია სახლში“ სასარგებლოდ არჩევნებში ერეოდა რუმინული პარტია „ალიანის რუმინელების ერთობისთვის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი.
ამ ბრალდების საპასუხოდ, სიმიონმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ 28 სექტემბერს მას არ გაუკეთებია მოწოდება მოლდოველების მიმართ, ხმა მიეცათ პარტიისთვის, „დემოკრატია სახლში“.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, პარტიამ „დემოკრატია სახლში“ მოლდოვაში 28 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ექვსი მანდატი მოიპოვა. ეს პარტია მხარს უჭერს რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას.